• სიახლეები
  • „ბავშვის მიერ წიგნზე წვდომის მხარდაჭერა“ - პროექტის შედეგები

„ბავშვის მიერ წიგნზე წვდომის მხარდაჭერა“ - პროექტის შედეგები

„ბავშვის მიერ წიგნზე წვდომის მხარდაჭერა“ - პროექტის შედეგები

პროექტს „ბავშვის მიერ წიგნზე წვდომის მხარდაჭერა“ სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, უკვე მეორე წელია ახორციელებს. პროექტის მიმდინარეობის პირველ ეტაპზე შემუშავდა კვლევითი დოკუმენტი: „წიგნზე ხელმისაწვდომობა ბავშვისა და მოზარდისთვის: გამოწვევები და შესაძლებლობები“, ხოლო მიმდინარე პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევის შედეგებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით, შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე, დაიგეგმა მეორე ეტაპიც: - რაც ორ პრიორიტეტულ მუნიციპალიტეტში (მაღალმთან და გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე), ონისა და გორის მუნიციპალიტეტებში, თემატური ტრენინგების გზით, საბიბლიოთეკო სექტორის გაძლიერებას, სკოლისა და ბიბლიოთეკის თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავებას, მათი საჭიროებებისა და გამოწვევების გამოკვეთას, პროცესში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურებისა და რესურს-ცენტრების ჩართულობასა და წიგნიერების პოპულარიზაციისთვის საჭირო აქტივობების წახალისებას ისახავდა მიზნად.

 

18-20 ოქტომბერს ონის მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში, ონის მუნიციპალიტეტის მერიისა და რესურსცენტრის ჩართულობით, ხოლო 23-25 ოქტომბერს გორის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ადგილობრივი რესურსცენტრის აქტიური მონაწილეობით, ჩატარდა შემდეგი ტრენინგები:

1) წიგნიერების მენეჯმენტი და პოპულარიზაცია - მუნიციპალური/ცენტრალური ბიბლიოთეკებისა და როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებული კულტურისა და განათლების მენეჯერებისთვის;

2)  წიგნზე წვდომის თანამედროვე გამოწვევები და შესაძლებლობები - სკოლის ბიბლიოთეკარებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისთვის.

 

ტრენინგებზე აქცენტი გაკეთდა წიგნიერების მნიშვნელობაზე, საქართველოში ბავშვის მიერ წიგნზე წვდომის შეფასების მიზნით საერთაშორისო თუ პროექტის - „ბავშვის მიერ წიგნზე წვდომის მხარდაჭერა“ - პირველ ეტაპზე განხორციელებული კვლევების შედეგებზე, არსებულ გამოწვევებსა და წიგნიერების ზრდისთვის საჭირო მექანიზმებზე. მათ შორის: - მულტისექტორული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, საბიბლიოთეკო სექტორის გაძლიერებასა და სკოლებში მასწავლებელთა კომპეტენციის ზრდაზე, წიგნიერების პოპულარიზაციისთვის საჭირო აქტივობების წახალისებაზე.

 

ტრენინგებში მონაწილეობდნენ როგორც განათლებისა და კულტურის ადგილობრივი მენეჯერები, ცენტრალური და მუნიციპალიტეტში არსებული სოფლების ბიბლიოთეკების წარმომადგენლები, ისე სკოლის პედაგოგები. მუნიციპალური და სკოლის ბიბლიოთეკების წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს თავიანთ შესაძლებლობებსა და რესურსებზე, ასევე გამოწვევებსა  და მხარდაჭერის საჭიროებებზე. გაიმართა საინტერესო დისკუსიები. გაჩნდა საინტერესო იდეები და წიგნიერების პოპულარიზაციის ხელშემწყობი პროექტების ერთობლივი განხორციელების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა როგორც მატერიალური, ისე ადამიანური რესურსების ზრდის აუცილებლობაზე და ამ თვალსაზრისით სამთავრებო უწყებებისა თუ კერძო სექტორის მხარდაჭერის აუცილებლობაზე.

 

ასევე, პროექტის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ დიცის, საჯარო სკოლაში, 25 ოქტომბერს გაიმართა ქართველი საბავშვო მწერლის - მარიამ წიკლაურის - შეხვედრა პატარა მკითხველთან. ღონისძიების სახელწოდება იყო: საბავშვო ლიტერატურა გამყოფი ხაზის გარეშე. მწერალი ბავშვებს ადამიანის ცხოვრებაში ლიტერატურის მნიშვნელობასა და როლზე ესაუბრა, გააცნო საკუთარი შემოქმედება და საბავშვო მწერლების ცხოვრებიდან სამახსოვრო ამბები მოუთხრო. გაიმართა საინტერესო დიალოგი, დაიგეგმა სამომავლოდ ერთობლივი აქტივობებიც და სკოლის ადმინისტრაციამ გამოხატა დიდი ინტერესი სამომავლოდ მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებაში ჩართვის თაობაზე.

 

ვფიქრობთ, საბიბლიოთეკო სექტორის გაძლიერება დღეს ქვეყნის წინაშე არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ბიბლიოთეკების მხარდაჭერა, მისი მულტიფუნქციურ სივრცეებად ტრანსფორმაციის ხელშეწყობა, წიგნადი ფონდის შევსება/განახლება, წიგნადი ფონდის დიგიტალიზაცია, კადრების გადამზადება, შესაძლებლობების განვითარებაზე ორიენტირებული ტრენინგების ჩატარება, ბავშვის წიგნზე წდომისთვის საჭირო თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვა პირდაპირაა წიგნიერების პოპულარიზაციისა  და ბავშვის წიგნით დაინტერესების, წიგნზე ხელმისაწვდომობის ზრდის პროესთან დაკავშირებული.