სიახლეები - კონკურსი ახალგაზრდა ხელოვანთათვის!

კონკურსი ახალგაზრდა ხელოვანთათვის!

10.02.2019
კონკურსის ამოცანაა ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების დარგში მომუშავე ახალგაზრდა ქართველი ხელოვანების ხელშეწყობა იტალიის ქალაქ კოზენცაში, BoCs Art რეზიდენციაში მონაწილეობისთვის.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდა, თანამედროვე ხელოვანებს, რომლებიც შემფეგ დისციპლინაში მოღვაწეობენ: ფერწერა, ქანდაკება, ფოტო, მულტიმედიური ხელოვნება და პერფორმანსი.


კონკურსის ფარგლებში შეირჩევა სულ 20-მდე ახალგაზრდა ხელოვანი. რეზიდენციის თარიღებია: 2019 წლის 16-30 აპრილი. ხელოვანებს ექნებათ შესაძლებლობა იმუშაონ და იცხოვრონ ქ. კოზენცაში და ადგილზე შექმნან ნამუშევრები.

ნამუშევრების მუნიციპალიტეტისთვის ჩუქების შემთხვევაში მოხდება მათი კატალოგად გამოცემა და BoCs Art Museum-ში გამოფენა (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ნამუშევარი სხვა მუზეუმში დროებით გამოფენაზე უნდა გამოიფინოს, გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად).

ხელოვანს შეუძლია არ გადასცეს ნამუშევარი რეზიდენციას. ასეთ შემთხვევაში, ის თავად უზრუნველყოფს შექმნილი ნამუშევრების ტრანსპორტირებასა და შენახვას.

რეზიდენცია (იტალიური მხარე) უზრუნველყოფს:
  • სახელოსნოს და საცხოვრებელს რეზიდენციაში ყოფნის დროს;
  • სამჯერად კვებას;
  • ბონუსი 500 ევრომდე, რომლის ანაზღაურებაც მოხდება ჩეკების წარდგენის საფუძველზე რეზიდენციის დასრულებიდან ორი თვის ვადაში. ანაზღაურების მისაღებად თითოეულმა ხელოვანმა უნდა შეავსოს სპეციალური ფორმა, რომელიც დაურიგდებათ რეზიდენციაში და სადაც შეძლებენ შეიტანონ თავიანთი საბანკო რეკვიზიტები;
  • დასუფთავების სერვისს რეზიდენციის პერიოდის დაწყების და დამთავრების წინ;
  • რეცხვის სერვისს თითოეული ხელოვანისთვის;

რეზიდენცია არ უზრუნველყოფს:
  • ხელოვანების ფრენის ხარჯებს (იხ. კონკურსი: ხელოვანების მობილობა); 
  • აეროპორტიდან კოზენცამდე მგზავრობის ხარჯებს;
  • ხელოვანების ჰონორარს;
  • ხელოვანების სამოგზაურო დაზღვევას;
  • ქალაქში გადაადგილების ხარჯებს.
გამარჯვებული კონკურსანტი ვალდებულია თავად დაფაროს ჯანმრთელობის სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები.

კონკურსში მონაწილეობით ხელოვანი გამოთქვამს მზადყოფნას, საკუთარი ან დონორის სახსრებით აანაზღაუროს ის ხარჯები, რომელსაც არ უზრუნველყოფს რეზიდენცია.

შენიშვნა: სამოგზაურო ხარჯების დასაფარად შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ხელოვანების მობილობის კონკურსში

სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“ პასუხისმგებელია მხოლოდ ხელოვანების შერჩევაზე. სხვა ყველა საკითხთან დაკავშირებით გთხოვთ, მიმართოთ BocS Art-ს.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე, თანამედროვე ხელოვნების სექტორში მოღვაწე ხელოვანებს: ფიზიკურ პირებს, რომლებიც განაცხადის გაკეთების დროს არიან 18-დან 35 წლამდე;

აუცილებელი პირობაა მონაწილე კარგად ფლობდეს ინგლისურ ენას და იყოს მზად თანამშრომლობისათვის და კომუნიკაციისათვის.  
 
კონკურსის ვადები:

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 12 მარტი, თბილისის დროით 18:00 საათი.
რეზიდენციაში გასამგზავრებლად შერჩეული ხელოვანები გამოვლინდებიან 25 მარტამდე, მოწვეული საკონკურსო კომისიის მიერ.

გადმოწერეთ ფაილი კონკურსის პირობების და წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ

კონკურსთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vato@creativegeorgia.ge


საკონკურსო განაცხადების მიღება დაიწყო 12 თებერვლიდან!