სიახლეები - კონკურსი - შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება

კონკურსი - შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება

03.02.2020
შემოქმედებითი ინდუსტრიების კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოში კულტურისა და შემოქმედებით სფეროში მეწარმეობის განვითარებას

კონკურსის მიზანია:
- შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის მდგრადი განვითარება;
- შემოქმედებითი მეწარმეების გაძლიერება;
- ადგილობრივი, კონკურენტუნარიანი პროდუქტის შექმნისა და მისი ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა.

კონკურსის პრიორიტეტია შემოქმედებითი ინდუსტრიების ეკოსისტემის გაძლიერებისთვის, ერთი მხრივ, სექტორის ხელშემწყობი ინციატივებისა, მეორე მხრივ კი, თავად სექტორის წარმომადგენლების მხარდაჭერა.

კონკურსის ფარგლებში შემოთავაზებულია 2 მიმართულება

1. შემოქმედებითი ინდუსტრიების ეკოსისტემის გაძლიერება (ქვეპრიორიტეტი I)

 
პირველი მიმართულება - შემოქმედებითი მეწარმეობის განვითარებაზე ორიენტირებულ ინიციატივებს დააფინანსებს. აღნიშნული მიმართულებით დაფინანსება შეგიძლიათ მოითხოვოთ მაშინ, როდესაც ხელს უწყობთ სხვა შემოქმედებით მეწარმეებს - პლატფორმებისა და ქსელების შექმნით, გადამზადების პროგრამების შეთავაზებით თუ სხვა ინოვაციური გზებით (გთხოვთ, იხილეთ საკონკურსო დოკუმენტაცია, განაცხადის ფორმა).

აღნიშნული მიმართულების ფარგლებში შესაძლებელია:

- შემოქმედებითი ინდუსტრიების ვირტუალური და ფიზიკური პლატფორმების, კლასტერების შექმნა და განვითარება;
- პროფესიული განვითარების და კომერციალიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებების გამართვა;
- კვლევითი საქმიანობა, სახელმძღვანელოებისა და გზამკვლევების შემუშავება და თარგმნა;
- ინოვაციური სტრუქტურების და მოდელების შემუშავება და ამოქმედება.


 
2. შემოქმედებითი სტარტაპების ხელშეწყობა (ქვეპრიორიტეტი II)

მეორე მიმართულება თავად შემოქმედებითი მეწარმეების ბიზნესიდეების განვითარებაზეა ორიენტირებული და გულისხმობს შემოქმედებითი პროდუქტისა თუ მომსახურების ე. წ. პროტოტიპის ( პირველადი მოდელის ) შექმნას, რომელიც მეწარმეებს თავიანთი ბიზნესის შემდგომი სრულყოფისთვის, ინვესტირებისთვის და სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონკურსზე წარსადგენად შეუძლიათ გამოიყენონ.

დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია 2020 წლის 10 თებერვლიდან 10 მარტის ჩათვლით, თბილისის დროით 18:00 საათამდე;

საპროექტო განაცხადი და სხვა სავალდებულო დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს ელ. ფოსტაზე - сompetition@creativegeorgia.ge, წერილის სათაურის ველში აუცილებლად უნდა მიეთითოს კონკურსის აბრევიატურა: CIDEV-2020;

გარდა ელექტრონული ფორმისა, სსიპ „შემოქმედებით საქართველოში“ წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის ერთი ბეჭდური ვერსია, 2020 წლის 11 მარტს, თბილისის დროით 18:00 საათამდე (მისამართზე: ვ. დოლიძის ქუჩა, კორპუსი #28);

დაგვიანებით წარმოდგენილი ან/და არასრულად შევსებული განაცხადის ფორმები ვერ მიიღებენ კონკურსში მონაწილეობას.

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ შემდეგ სუბიექტებს

ა) საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს (შემოქმედებითი სტარტაპების ხელშეწყობის მიმართულეით);
ბ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს;
გ) საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს;
დ) საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

პროექტით გათვალისწინებული თანხის მოცულობა

კონკურსის ფარგლებში, ერთი პროექტისთვის სსიპ „შემოქმედებითი საქართველოდან“ მოთხოვნილი მაქსიმალური თანხა 1. შემოქმედებითი ინდუსტრიების ეკოსისტემის გაძლიერების მიმართულებით შეადგენს მაქსიმუმ  - 20 000 ლარს (ყველა გადასახადის გათვალისწინებით), ხოლო 2. შემოქმედებითი სტარტაპების ხელშეწყობის მიმართულებით - 5000 ლარს (ყველა გადასახადის გათვალისწინებით). აღნიშნული თანხა არ უნდა ითვალისწინებდეს ძირითადი საშუალებების, ინფრასტრუქტურული მომსახურებების და არამატერიალური აქტივების შესყიდვას;

კონკურსის ვადები

გამარჯვებულ პროექტებზე გადაწყვეტილებას იღებს სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საკონკურსო კომისია,  საპროექტო განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 15 სამუშაო დღის ვადაში;

კონკურსის შედეგები ქვეყნდება სსიპ შემოქმედებითი საქართველოს ვებ-გვერდზე - creativegeorgia.ge, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

გამარჯვებულ აპლიკანტებთან ხელშეკრულებები გაფორმდება კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა;

ყველა პროექტი უნდა დასრულდეს და საბოლოო ფინანსური და შინაარსობრივი ანგარიში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2020 წლის 1 დეკემბრისა.
 
გთხოვთ, გაეცანით კონკურსის წესებს და პირობებს

გადმოსაწერი და შესავსები დოკუმენტაცია

განაცხადის ფორმა / ქვეპრიორიტეტი I

განაცხადის ფორმა / ქვეპრიორიტეტი II

ბიუჯეტის ფორმა

პროექტში მონაწილეობის თანხმობის წერილის ფორმა

ანგარიშის წარმოდგენის განცხადების ფორმა

შინაარსობრივი ანგარიშის ფორმა

 
კონკურსთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: competition@creativegeorgia.ge ან ngadilia@creativegeorgia.ge; საკონტაქტო ტელეფონი 555 38 30 29;

კონკურსი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიცირებით და მხარდაჭერით.