სიახლეები - “შემოქმედებითი გარდასახვა” იუნესკოს კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერილი პრო

“შემოქმედებითი გარდასახვა” იუნესკოს კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერილი პროექტის ონლაინ წარდგინება

09.03.2021
სსიპ შემოქმედებითი საქართველო იწყებს იუნესკოს კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო ფონდის (IFCD) მიერ მხარდაჭერილ პროექტს- “შემოქმედებითი გარდასახვა”, რომელიც ქვეყანაში შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის კვლევასა და სტრატეგიის განვითარებას ისახავს მიზნად.

იუნესკოსა და შემოქმედებით საქართველოს შორის ხელშეკრულებას ხელი 2021 წლის 17 თებერვალს მოეწერა. 

ეს არის საქართველოდან პროექტის დაფინანსების პირველი შემთხვევა. პროექტი “შემოქმედებითი გარდასახვა”, იუნესკოს კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო ფონდის კონკურსში მონაწილე 480 განაცხადიდან, 9 საუკეთესოში მოხვდა და მოიპოვა დაფინანსება 88 269 აშშ დოლარის ოდენობით.

პროექტის გრძელვადიანი მიზანია, რომ ხელი შეუწყოს შემოქმედებითი ეკონომიკის სექტორის გაძლიერებას, მის პრიორიტეტულ დარგად აღიარებას და ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროცესის მამოძრავებელ ძალად ჩამოყალიბებას.

პროექტის ფარგლებში შემუშავდება შემოქმედებითი ინდუსტრიების ხუთწლიანი  განვითარების სტრატეგია და ორწლიანი სამოქმედო გეგმა. სტრატეგია, ზოგადად სექტორის განვითარებასთან ერთად, მიზნად ისახავს შემოქმედებითი პოტენციალის გამოყენებას ახალგაზრდების, ქალთა და დაუცველი ჯგუფების გასაძლიერებლად და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩასაბმელად.

საქართველოში პირველად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩატარდება შემოქმედებითი ინდუსტრიების საჭიროებათა და რესურსების მოკვლევა. პროექტი, სხვა კომპონენტებთან ერთად მოიცავს სექტორის ეკონომიკური და სოციალური პოტენციალის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის - შეხვედრების, კონფერენციებისა და სემინარების გამართვას. 

დამატებით ინფორმაცია იხილეთ იუნესკოს ვებ-გვერდზე: Creative Twist – Boosting the cultural and creative industries in Georgia
პროექტის ონლაინ წარდგინება გაიმართა 9 მარტს, 13:00 საათზე, შემოქმედებითი საქართველოს სოციალური ქსელების საშუალებით: 

https://youtu.be/tktl0t9ZTX0

https://www.facebook.com/creativegeorgiaLepl/videos/181075483580098/

 

ონლაინ წარდგინების მონაწილეები:

სსიპ შემოქმედებითი საქართველოს დირექტორი - ირმა რატიანი, იუნესკოს კულტურული მრავალფეროვნების ფონდის პროგრამების და პარტნიორებთან თანამშრომლობის განყოფილების უფროსი - რეიკო იოშიდა, პროექტის ხელმძღვანელი - ელენე თოიძე და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი - ქეთევან კანდელაკი.