სიახლეები - ვიზუალიზაციის კონკურსი - „მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო“

ვიზუალიზაციის კონკურსი - „მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო“

13.04.2017
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით აცხადებს ვიზუალური ნაშრომების კონკურსს (ფოტო, გრაფიტი, პოსტერი) თემაზე - მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო.
 
კონკურსის მიზანია - საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაცია და მათი მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
 
რა არის მდგრადი განვითარების მიზნები?
 
2015 წლის 25 სექტემბერს, გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე - „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის“. მდგრადი განვითარების მიზნების ამოცანაა, გააგრძელოს ათასწლეულის განვითარების მიზნების მიერ დაწყებული საქმე. 
 
საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც 2015 წელს მხარი დაუჭირა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების დამტკიცებას და დაიწყო მათი დანერგვა ეროვნული პოლიტიკის დღის წესრიგში. მდგრადი განვითარების დღის წესრიგი მოიცავს 17 მიზანს და 169 ამოცანას. 
 
კონკურსის თემაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად,  2017 წლის 2 მაისს, 17:00 რესტორან “ლოლიტა”-ს საკონფერენციო დარბაზში (მის: ჭოველიძის N7, მე-III სართული), კონკურსანტებისთვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა. 

კონკურსის პირობები იხ. ბმულზე.