კონკურსი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“ აცხადებს კონკურსს „ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა განათლების ხელშეწყობა“, რომელიც მიზნად ისახავს:
- უმაღლესი სახელოვნებო განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას;
- თანამედროვე ხელოვნების განვითარებაში ჩართულობას;
- ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა მოტივაციის გაზრდასა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.
საკონკურსოდ მიიღება პროექტები, საქართველოსა და უცხოეთში აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებზე, არაუმეტეს 1 აკადემიური წლის ვადით სწავლის მსურველთა ხელშეწყობის მიზნით. კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი პროექტი შესაძლებელია დაფინანსდეს სრულად ან ნაწილობრივ.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 18-დან 35 წლამდე ასაკის ფიზიკურ პირებს, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სწავლობენ ან ჩაირიცხნენ:
- საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე;
- უცხოეთის სასწავლებელში საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და მოპოვებული აქვთ შესაბამისი სასწავლებლის თანადაფინანსება, არანაკლებ 25 %-ისა. ეს პირობა არ ეხება იმ კონკურსანტებს, რომლებიც ჩარიცხული არიან უფასო აკადემიურ პროგრამაზე და გადასახდელი აქვთ მხოლოდ ადმინისტრაციული რეგისტრაციის საფასური (მისი არსებობის შემთხვევაში).
კონკურსის ბიუჯეტია 500,000.00 ლარი.
დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობასა და თითოეული პროექტის დაფინანსების ოდენობას განსაზღვრავს საკონკურსო კომისია.
კონკურსში უპირატესობა შესაძლოა მიენიჭოს იმ კონკურსატებს, რომლებმაც:
- წარმატებით დაასრულეს ბაკალავრიატი და აგრძელებენ სწავლას საზღვარგარეთ, უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებლის სამაგისტრო პროგრამებზე;
- ირჩევენ ხელოვნების იმ მიმართულებებს, რომლებიც უმაღლესი სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში დეფიციტურად და მოთხოვნადად არის შეფასებული;
კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება პროექტის დაფინანსების თაობაზე (დანართი №1);
- საკონკურსო განაცხადი (დანართი №2.1 და №2.2). განმცხადებელი ვალდებულია საპროექტო განაცხადის დანართი №2.2 წარმოადგინოს როგორც კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმოწერილი ფორმით (pdf. ფორმატში), ასევე, ელექტრონული სახით (Microsoft Excel-ის ფორმატში);
- ინფორმაცია პარტნიორების ფინანსური ან სხვა ტიპის თანამონაწილეობის შესახებ და თანამონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მისი არსებობის შემთხვევაში);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- კონკურსანტის საბანკო რეკვიზიტები;
უმაღლეს სასწავლებლებში აკადემიურ პროგრამებზე სწავლის საფასურის ან სწავლის საფასურისა და სწავლასთან დაკავშირებული/საყოფაცხოვრებო ხარჯის დაფინანსების მოპოვების მსურველებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ:
- სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის სტატუსისა და აკადემიური მოსწრების შესახებ (საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში);
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი (მაგისტრატურისა და დოქტორანტურის შემთხვევაში);
- იმ უმაღლესი სასწავლებლის რეკომენდაცია, სადაც ამჟამად ირიცხება;
- უცხოეთის უმაღლესი სასწავლებლიდან ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი სწავლის საფასურის, ჩარიცხვის პირობებისა და თანადაფინანსების (არსებობის შემთხვევაში) თანხის ოდენობის მითითებით.
მხოლოდ სწავლასთან დაკავშირებული/საყოფაცხოვრებო ხარჯის დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამის სასწავლებელში ჩარიცხვისა და სწავლის დაფინანსების (მათ შორის - თანადაფინანსების) დამადასტურებელი საბუთი, ხოლო უფასო აკადემიურ პროგრამაზე სწავლის/ჩარიცხვის შემთხვევაში- სწავლის/ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, საიდანაც ასევე იკვეთება, რომ სწავლა უფასოა.
საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. უცხოენოვანი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ქართულენოვანი, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი.
საკონკურსო განაცხადების მიღება წარმოებს 2025 წლის 1 ივლისიდან 15 ივლისის 18:00 საათამდე, ელექტრონული ფოსტით: info@creativegeorgia.ge
განაცხადების წარმოდგენის წესი და ფორმა განსაზღვრულია საკონკურსო დებულებით შემდეგ ბმულზე:
საკონტაქტო პირი: ნანა პატარიძე
საკონტაქტო ნომერი .: 599 31 03 03 (სამუშაო საათებში 09:00 – 18:00 სთ-მდე).