შემოქმედებითი ინდუსტრიები - ქსელები - ევროპული შემოქმედებითი ბიზნესების ქსელი (ECBN)

ევროპული შემოქმედებითი ბიზნესების ქსელი (ECBN)

15.12.2017
ევროპული შემოქმედებითი ბიზნესების ქსელი

(The European Creative Business Network)

ევროპული შემოქმედებითი ბიზნესების ქსელი (ECBN) არის ფონდი, რომელიც ევროპაში კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების მხარდასაჭერად შეიქმნა, 2011 წელს. ECBN-ის მიზანია შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროს სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებს გაუზიაროს ევროპული ცოდნა და გამოცდილება, დაეხმაროს ევროპული ფინანსური და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაში, რათა ამ ორგანიზაციებმა ხელი შეუწყონ თავიანთ ქვეყანაში არსებული შემოქმედებითი მეწარმეების განვითარებას.

ქსელში გაწევრიანებულია 43 ორგანიზაცია ევროპის ქვეყნებიდან, დამფუძნებელი წევრები კი, არიან: როტერდამის შემოქმედებითი ფაბრიკა (Creative Factory Rotterdam), შემოქმედებითი ინგლისი (Creative England), შემოქმედებითი ინდუსტრია კოშიცე (Creative Industry Košice) და შემოქმედებითი ეკონომიკის ევროპული ცენტრი (European Centre for Creative Economy).

2017 წლის დეკემბრიდან, შემოქმედებითი საქართველო ECBN-ის ქსელის ასოცირებული წევრია.

ECBN-ის წევრი ორგანიზაციები, თავიანთ ქვეყნებში წარმოადგენენ მნიშვნელოვან ცენტრებს, კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების მიმართულებით. მათი  ნაწილი მართავს სააგენტოებს, ჰაბებს, ცენტრებს და შუამავალ რგოლს წარმოადგენს შემოქმედებითი მეწარმეებისთვის ადგილობრივ, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე.

ECBN-ის საქმიანობის მიმართულებები:
 
  • შემოქმედებითი ინდუსტრიების მხარდაჭერის მიზნით რეგულარული სხდომების გამართვა;
 
  • წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს შორის  ინტენსიური შეხვედრების გამართვა საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ამ სექტორზე;
 
  • ყოველწლიური ფორუმის (ECBN Policy Forum) გამართვა ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ერთად, სადაც მსურველები ეცნობიან სფეროში არსებულ სიახლეებს და გამოცდილებას;
 
  • სასწავლო ტურებისა და თანამშრომლობის ღონისძიებების ორგანიზება, რათა ქსელის წევრები უკეთ გაეცნონ სხვადასხვა ევროპულ პროექტს და შეხვდნენ ახალ პოტენციურ პარტნიორებს;
 
  • მსურველთათვის ECBN-ის კვლევების შედეგებისა და ადვოკატირების პროგრამების გაზიარება;
 
  • ECBN მსურველებს ერთობლივი დაფინანსების პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობას სთავაზობს.
 
გარდა ამისა, ECBN ეხმარება თავის წევრებს ევროკავშირის პოლიტიკურ სტრუქტურებში გარკვეული საკითხების ადვოკატირება. ECBN-ის წევრთა რესურსების, ექსპერტული ცოდნისა და კავშირების საშუალებით, ქსელი ხელს უწყობს შემოქმედებითი საწარმოების განვითარებას და ადგილის დამკვიდრებას შემოქმედებითი საქონლისა და მომსახურების მსოფლიოს უმსხვილეს ბაზარზე.

ქსელს ჰყავს საბჭო, რომელიც ირჩევს აღმასრულებელ კომიტეტს ECBN-ის აქტივობების ორგანიზებისა და გამართვისთვის. აღსანიშნავია, რომ ECBN-ის მომსახურების უმეტესობა, მათ შორის, ცოდნის გაცვლა, კვლევა და პოლიტიკის ადვოკატირება, არ არის სახელმწიფოდან დაფინანსებული, რაც ECBN-ს აძლევს უნიკალურ პოზიციას სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად ქმედებისთვის.

ECBN ყოველთვის ეძებს ახალ წევრებს და მისი მომსახურება შემდეგი ტიპის ორგანიზაციებისთვისაა გათვალისწინებული:
 
  • წამყავნი სააგენტოები, ჰაბები, ცენტრები ან შუამავალი კომპანიები, რომლებიც შემოქმედებით და კუტურულ ინდუსტრიებს უწყობენ ხელს ადგილობრივ, რეგიონულ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე;
 
  • კვლევითი ორგანიზაციები და უნივერსიტეტები, რომელთაც აქვთ პროექტები ან ინიციატივები შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიების შესახებ.


ფონდის მიერ ორგანიზებული ერთ-ერთი ბოლოდროინდელი ღონისძიებაა ევროპული შემოქმედებითი ინდუსტრიების მე-7 სამიტი (the 7th European Creative Industries Summit 2017), რომელიც გაიმართა 27 ნოემბერს ბრიუსელში და წარმოადგინა უახლესი ინოვაციური მიდგომები და პრაქტიკა. სამიტის მიზანია კულტურული შემოქმედებითი ინდუსტრიების შესახებ ევროპარლამენტის მიერ 2016 წელს გამოცემული საინიციატივო მოხსენებისთვის საფუძვლის ჩაყრა და მხარდაჭერა, შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის ევროკავშირის სტრატეგიის ყოვლისმომცველი და ფართო ათვისება, ევროპული სტრუქტურული და საინვესტიციო ფონდების (European Structural and Investment Funds), პროგრამა ჰორიზონტი 2020-ის (Horizon 2020), ევროკავშირის მრავალწლიანი დაფინანსების ჩარჩოს (Multiannual Financial Framework) პრიორიტეტების წარმოჩენა და ევროპული ინოვაციური საბჭოს განვითარება.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ორგანიზაციის ვებგვერდს.

ECBN-ის წევრები არიან:

Creative Georgia, Creative England, Creative Finland, Nordicity, Ifalaboratory, Amsterdam Economic Board, Ministerstvo Kultury Slovenskej Republiky, Arts Council Malta, Rome University, Creative Spark, Creative Startup Awards Europe, Croation Association of Independant Professionals, Aalborg University, Poligon Institute for Development of Creative Industries, Nova Iskra, National Association of Creative and Cultural Industries, Fitz Carraldo Fondazione, Media Evolution Mälmo, Kreativgesellschaft Hamburg, Dutch Creative Residency Network, Creative Industries Cluster of Vojvodina, Peopleing, Economia Creativa, Factoria Cultural, Fondazione Campus, Politecnico Milano, La Creation Prend ses Quartiers a Nantes, Addict Portugal, Flanders State of the Art, Stadt Essen, Wired Sussex, Creative Nodes, Knowledge Transfer Network, Creative Industry Košice, Creative Industries Styria, Creative Region Linz and Upper Austria, City of Rotterdam, European Centre for Creative Economy, PopVox, Technoport, Forum d’Avignon.