სიახლეები - ბრიტანეთის საბჭოს ახალი ინიციატივა ,,შემოქმედებითი ნაპერწკალი’’

ბრიტანეთის საბჭოს ახალი ინიციატივა ,,შემოქმედებითი ნაპერწკალი’’

26.06.2018
ბრიტანეთის საბჭო შემოქმედებითი ეკონომიკის განვითარების მიზნით ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში იწყებს ხუთწლიან პროგრამას ,,შემოქმედებითი ნაპერწკალი", რომლის პირველი აქტივობაც შიდა პროგრამულ ხასიათს ატარებს და ითვალისწინებს საქმიან ვიზიტს დიდ ბრიტანეთში.

პროგრამა განხორციელდება 7 ქვეყანაში: აზერბაიჯანში, საქართველოში, სომხეთში უზბეკეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში. მას საფუძვლად დაედო კვლევა  სახელწოდებით ,,შემოქმედებითი საწარმოს მართვა: დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების სექტორის მიმოხილვა და აღმოსავლეთ პარტნიორობის და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მისი პოტენციური პარტნიორობის ანალიზი,’’ სადაც მოცემულია  ბოლო დროინდელი მდგომარეობის ვრცელი მიმოხილვა.

უმაღლესი განათლების რეფორმის ხელშეწყობის და უმუშევრობის სტატისტიკის საპასუხოდ, ჩვენ ვგეგმავთ გამოვიყენოთ დიდი ბრიტანეთის გამოცდილება სამეწარმეო განათლების სფეროში და შევიმუშაოთ და განვახორციელოთ პროგრამა, რომელიც პირველივე წელს 10 000-ზე მეტ სტუდენტს დაეხმარება.

პროგრამის პირველი აქტივობა გულისხმობს მონაწილე ქვეყნების სათანადო სამინისტროებისა და  უნივერსიტეტების ხელმძღვანელობათა წარმომადგენლების და შემოქმედებითი მეწარმეობის ექსპერტების  ვიზიტს დიდ ბრიტანეთში მიმდინარე წლის 25 ივნისის კვირაში.

ქართულ დელეგაციის წევრები არიან კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, შემოქმედებითი საქართველოს დირექტორი ანა რიაბოშენკო, და თბილისის სამხატვრო აკადემიის ხარისხის მართვის მთავარი სპეციალისტი თამთა შავგულიძე. 
 
პროგრამა მოიცავს ვიზიტებს შემდეგ უნივერსიტეტებში: გოლდსმითის უნივერსიტეტი, ნორვიჩის ხელოვნების/სამხატვრო  უნივერსიტეტი, ისტ ანგლიის უნივერსიტეტი, კემბრიჯის უნივერსიტეტი, კოვენტრის უნივერსიტეტი, ლანკასტერის უნივერსიტეტი დაშემოქმედებითი ინდუსტრიის სხვადასხვა ინსტიტუტებს. 25 ივნისს, ოფიციალურ მიღებაზე დელეგატებს მიესალმება ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის სავაჭრო დესპანი, ვინტერბორნის ბარონესაემა ჰარიეტ ნიკოლსონი
 
პროგრამას ,,შემოქმედებითი ნაპერწკალი’’ 3 მთავარი მიზანი აქვს:
 
  • დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის საფუძველზე შვიდი პარტნიორი ქვეყნის 20 უნივერსიტეტში სამეწარმეო ცენტრების შექმნა.
 
  • სტუდენტებისთვის და შემოქმედებით სფეროში ჩართული მეწარმეებისთვის სამეწარმეო უნარების განვითარების ტრენინგების ჩატარება იდეების ჩამოყალიბებიდან -  ბიზნესის წამოწყებით და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვით დამთავრებული.
 
  • მეწარმეობის თემატიკისადმი მიძღვნილი ინგლისური ენის ონლაინ კურსების ჩატარება, არსებული ონლაინ პლატფორმებისა და ახლად შექმნილი ონლაინ პროგრამების საშუალებით.
 
საუნივერსიტეტო თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 2018 წლის ივლისიდან, შესაბამისად, ბრიტანეთის საბჭო დაიწყებს განაცხადების მიღებას და სექტემბრის თვეში ოფიციალურად ჩაეყრება საფუძველი ამ პარტნიორობას დიდი ბრიტანეთის მეწარმეთა და სამეწარმეო განათლების კონფერენციაზე ლიდსში.

ჩვენ გვჯერა, რომ ეს ახალი ინიციატივა მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოში შემოქმედებითი ეკონომიკის განვითარებას და ახალგაზრდები  იმ ცოდნასა და უნარებს შეიძენენ, რომელთა საშუალებითაც ისინი კონკურენტუნარიანი გახდებიან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.