სიახლეები - კონკურსი: რეზიდენციები ახალგაზრდა ქართველი ხელოვანებისათვის

კონკურსი: რეზიდენციები ახალგაზრდა ქართველი ხელოვანებისათვის

29.08.2018
შემოქმედებითი საქართველო, იტალიურ ფონდ IGAV-თან თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს გაცვლით პროგრამაზე, იტალია- ტურინი, რეზიდენცია ახალგაზრდა ქართველი ხელოვანებისათვის.

 

 




ინფორმაცია კონკურსის შესახებ

კონკურსის მიზანია ვიზუალური ხელოვნების დარგში მომუშავე ქართველი და იტალიელი ხელოვანების შემოქმედების ორმხრივი წარმოჩენა, ორივე ქვეყნის თანამედროვე ხელოვანებს შორის იდეების გაცვლის ხელშეწყობა.
 
  • სამოგზაურო, საცხოვრებელი და ჰონორარისთვის განკუთვნილი გრანტის სრული ოდენობა: 2,500 ევროს ექვივალენტი ლარში.
  • გაცვლითი პროგრამის ხანგძლივობა: 1 თვე
  • გაცვლითი პროგრამის განხორციელების სავარაუდო პერიოდი: 2018 წლის ნოემბერი
  • მდებარეობა: იტალია, ქალაქი ტურინი
  • რეზიდენტის მიმღები ინსტიტუცია: გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტი (IGAV)
გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტი (IGAV) იღებს პასუხისმგებლობას სახელოვნებო გამოფენაში Artissima ქართველი რეზიტენტის მონაწილეობაზე;

გამარჯვებული კონკურსანტი ვალდებულია თავად დაფაროს ჯანმრთელობის სამოგზაურო დაზღვევა;

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, კონკურსანტი ვალდებულია წარმოადგინოს მოკლე ანგარიში რეზიდენციის დროს განხორციელებული საქმიანობისა და აქტივობების შესახებ.


ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე, თანამედროვე ხელოვნების სექტორში მოღვაწე ხელოვანებს: ფიზიკურ პირებს, რომლებიც განაცხადის გაკეთების დროს არიან 18-დან 35 წლამდე;

მუშაობდეს, როგორც ხელოვანი და მოქმედებდეს ინდივიდუალურად ვიზუალური ხელოვნების სფეროში (მინიმუმ 1 ჯგუფური გამოფენა და 1 სოლო გამოფენა დადასტურებული პორტფოლიოთი). ხელოვანები, რომლებიც არიან ჯგუფის მონაწილეები ან სურთ ორი ადამიანისგან შემდგარი პროექტის წარდგენა უნდა წარმოადგინონ ორი დამოუკიდებელი აპლიკაცია;

აუცილებელი პირობაა მონაწილე კარგად ფლობდეს ინგლისურ ენას და იყოს მზად თანამშრომლობისათვის და კომუნიკაციისათვის.  


როგორ გავაკეთოთ განაცხადი:

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 24 სექტემბერი, თბილისის დროით 18:00 საათი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ელ-ფოსტაზე dato@creativegeorgia.ge უნდა გამოგზავნოთ:
 
  • პროფესიული რეზიუმე ან CV ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  • პროფესიული პორტფოლიო PDF ფორმატში (ფაილის ზომა არა-უმეტეს 10მბ)
  • სამოტივაციო წერილი ქართულ და ინგლისურ ენებზე (არა უმეტეს 1,000 სიტყვისა);
  • მინიმუმ ერთი სარეკომენდაციო წერილი კურატორი, ხელოვნებათმცოდნის, მუზეუმის, გალერეის, სფეროს პროფესიონალის, ან ორგანიზაციის მიერ ქართულ და ინგლისურ ენებზე (წერილი დაწერილი უნდა იყოს სპეციალურად აღნიშნული კონკურსისთვის. ასევე, ხელმოწერილი და ბეჭედდარტყმული ბეჭდის არსებობის შემთხვევაში);
 
საკონკურსო დოკუმენტაცია აუცილებლად უნდა იყოს შედგენილი ქართულ და ინგლისურ ენაზე;

განაცხადის გამოგზავნისას სათაურის ველი აუცილებლად უნდა იწყებოდეს თქვენი სახელითა და გვარით;

მიღებულ განაცხადთან დაკავშირებით ელ-ფოსტაზე წერილობით მიიღებთ დასტურს.


საკონკურსო პირობები და შერჩევის წესი

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

პირველი ეტაპი: განაცხადის ტექნიკური მხარის განხილვისას ყურადღება მიექცევა მოთხოვნილი დოკუმენტებისა და აპლიკაციის სრულად წარმოდგენას, რომლის გადალახვის შემთხვევაში, მონაწილე კონკურსს განაგრძობს მეორე ეტაპზე.

მეორე ეტაპი: სპეციალურად მოწვეული ხუთკაციანი საკონკურსო კომისია კონკურსანტებს შეაფასებს ათქულიანი სისტემით. კომისიის წევრის მიერ დიამეტრალურად მაღალი ან დაბალი ქულა გაბათილდება და არ დაანგარიშდება საშუალო არითმეტიკულ ქულაში (მაგალითად, თუ კომისიის წევრების მიერ კონკურსანტზე დაიწერა 4, 5 და 6 ქულები, ხოლო რომელიმე კომისიის წევრმა დაწერა 1 ან 10 ქულა, შესაბამისად, ეს ქულა გაბათილდება და არ შევა საშუალო არითმეტიკული ქულის კალკულაციაში საერთო სურათის მეტი სიზუსტის ასასახად). კონკურსანტების საბოლოო შეფასება მოხდება კონკურსის პირველ და მეორე ეტაპზე მიღებული ქულების დაჯამებით. უმაღლესი შეფასების მქონე ორი კონკურსანტი მიიღებს სამოგზაურო გრანტს.

გამარჯვებულ კონკურსანტებსა და სსიპ „შემოქმედებით საქართველოს“ შორის გაფორმდება ხელშეკრულება.

კონკურსში განაცხადის გაკეთებით აპლიკანტი ეთანხმება კონკურსის წესებსა და პირობებს.
 

შესარჩევი კომისია:

შედგება მოწვეული ექსპერტების, კურატორების, ხელოვნებთმცოდნეების, გალერისტების და სხვა სექტორის წარმომადგენლებისაგან.

შესარჩევი კომისია კომისიის სხდომაზე არჩევს საუკეთესო ორ კონკურსანტს შემდეგი კრიტერიუმებით:
 
  1. ხელოვანის გამოცდილება;
  2. გასაგებად დასაბუთებული მოტივაცია;
  3. სარეკომენდაციო წერილი;
  4. ინგლისური ენის ცოდნა.

სსიპ „შემოქმედებით საქართველო“ უფლებამოსილი და ვალდებულია:
 
  • მოითხოვოს წარდგენილი განაცხადის ტექნიკური ან/და შინაარსის კორექტირება;
  • შეზღუდვის გარეშე გამოიყენოს პროექტის ფარგლებში კონკურსანტების მიერ შექმნილი ინტელექტუალური საკუთრების ციფრული ან/და ნაბეჭდი ასლი ნებისმიერი სახის აქტივობასა და სივრცეში;
  • არ წარუდგინოს ჟიურის წევრებს საპროექტო განაცხადი რომელიც სრულად არ იცავს კონკურისის წესის პირობებს;
 

კონკურსთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე dato@creativegeorgia.ge  


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“