სიახლეები - ილუსტრატორი

ილუსტრატორი

20.03.2017
გრაფიკული დიზაინერების თათია ნადარეიშვილისა და ეკა ტაბლიაშვილის ისტორია სამხატვრო აკადემიიდან იწყება, სადაც ერთად სწავლობდნენ, შემდეგ კი საბავშვო წიგნებზე დაიწყეს მუშაობა ვირტუალურ გამომცემლობა “ვირგამში” (Virgam) ილუსტრატორებად. შემდეგ იყო თბილისის მწვანე სკოლა, წიგნის ხელოვნების ცენტრი და ბევრი სხვა. ერთად ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, გადაწყვიტეს საკუთარი სახელოვნებო სივრცე “ილუსტრატორი” დაეფუძნებინათ.

მარკეტერმა მათ ინტერვიუ ჩამოართვა. 

M: რატომ გადაწყვიტეთ შეგექმნათ ილუსტრატორის სივრცე?
თათია: ილუსტრაციასთან და წიგნებთან შეხება დიდი ხანია გვაქვს, ზოგადად საქართველოში ეს პროფესია ძალიან პოპულარულიც არ არის, რასაც მნიშვნელოვან წილად ის განაპირობებს, რომ წიგნის ბაზარი პატარა და ნაკლებად განვითარებულია, მაგრამ პარალელურად საქართველოში ბევრი ძალიან ნიჭიერი ილუსტრატორი გამოჩნდა ბოლო დროს, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვან დაინტერესებას იწვევნ და აღმოჩნდა, რომ ქართულ ილუსტრაციას საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. ქვეყნის შიგნითაც ბევრი ადამიანია ვინც ამით არის დაინტერესებული და ასეთი სივრცის არსებობა ძალიან შეუწყობს ხელს ამ პროფესიის განვითარებას და საზოგადოებრივი ინტერესის გაღვივებასაც. ილუსტრატორი არის ღია სივრცე, რომელიც ორ მიმართულებას აერთიანებს: სტუდიას და ე.წ. concept store-ს, ანუ მაღაზიას, რომლიც კონცეპტი არის ილუსტრაცია და სადაც ერთი ბრენდის ქვეშ გაერთიანდება ქართველი და არამარტო ქართველი ილუსტრატორების ნამუშევრები, ორიგინალები, ღია ბარათები, აქსესუარები, სტიკერები, პოსტერები, ტანსაცმელი და ა.შ. მეორე ნაწილი სტუდია და პატარა ბიბლიოთეკაა სადაც ჩვენც ვმუშაობთ და ვასწავლით კიდეც.

M: რით არის გამორჩეული თქვენი სახელოსნო?
ეკა: ვფიქრობ, “ილუსტრატორი” მართლაც გამორჩეული სივრცეა, პირველ რიგში თავისი შინაარსით, რაზეც თათიამ უკვე ისაუბრა. დავამატებ იმას რომ, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია ესტუმროს “ილუსტრატორს”, ნახოს როგორ მუშაობენ ილუსტრატორები და დაათვალიეროს ჩვენი პატარა ბიბლიოთეკის წიგნები. ასევე შეეძლებათ შეიძინონ ექსკლუზიური და საინტერესო ნამუშევრები მაღაზიაში, რომელიც ამავე სივრცეში სულ მალე გაიხსნება.

იხ. სრული ინტერვიუ - http://www.marketer.ge/illustrator-startup-tatia-eka/