სიახლეები - იტალიასა და საქართველოს შორის კულტურის სფეროში გაცვლითი პროგრამა დაინერგება

იტალიასა და საქართველოს შორის კულტურის სფეროში გაცვლითი პროგრამა დაინერგება

16.07.2018
საქართველოსა და იტალიას შორის მეგობრული კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს შორის გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

საქართველოს მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, ხოლო იტალიის მხრიდან, იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა ენცო მოავერო მილანეზიმ.

მემორანდუმი, რომელიც პროექტის „იტალია - საქართველო - გაცვლითი პროგრამა ხელოვანებისათვის. რეზიდენციები ახალგაზრდა იტალიელი და ქართველი ხელოვანებისათვის“ თაობაზე გაფორმდა, მიზნად ისახავს ვიზუალური ხელოვნების დარგში მომუშავე იტალიელი და ქართველი ხელოვანების შემოქმედების ორმხრივად წარმოჩენას და ორი ქვეყნის ხელოვანებს შორის იდეების გაცვლის ხელშეწყობას.

მემორანდუმის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთგაცვლის პროგრამა დაინერგება, რომელიც კონკურსში გამარჯვებულ თანამედროვე ხელოვნების სფეროში მოღვაწე ხელოვანებს შესაძლებლობას მისცემს, გაიღრმავონ ცოდნა და გამოცდილება ვიზუალური ხელოვნების დარგის მოღვაწეებთან, აგრეთვე, წარმართონ საკუთარი სახელოვნებო და კულტურული საქმიანობა განსხვავებულ გარემოში.

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იტალიელი ბენეფიციარები საქართველოში, ხოლო ქართველი ბენეფიციარები იტალიაში (კერძოდ, ტურინში) ერთი თვის განმავლობაში იცხოვრებენ და შემოქმედებითად იმუშავებენ, რაც საქართველოსა და იტალიას შორის კულტურულ ურთიერთობებს გააღრმავებს.

გაცვლითი პროგრამის განხორციელებას იტალიასა და საქართველოში უზრუნველყოფენ ტურინის გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტი (IGAV), იტალიის საელჩო საქართველოში და შემოქმედებითი საქართველო.