სიახლეები - მედია მნიშვნელოვან როლს თამაშობს კრეატიული ინდუსტრიების განვითარებაში

მედია მნიშვნელოვან როლს თამაშობს კრეატიული ინდუსტრიების განვითარებაში

25.04.2017
 
9 მოსაზრება, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი კულტურის გაშუქება პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბულურობის დროს, სერ ჯონ ტუსას, BBC World Service-ის ყოფილი მმართველი დირექტორისგან

1. მედიას მიერ კულტურის და ხელოვნების გაშუქება აყალიბებს საზოგადოების დისკურსს ერის მომავალზე. ისეთ ტრადიციულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა და რომელიც ახალი ვითარების და რთული გამოწვევების წინაშე დგას, მედიის მიერ კულტურაზე ლაპარაკი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება, სულერთია, შუქდება მასობრივი, მაღალი თუ დაბალი კულტურა. კულტურა იარსებებდა მაშინაც, ეკონომიკასთან არანაირი შეხება რომ არ ჰქონოდა; ფაქტობრივად, თუ ეროვნულ იდენტურობას პოლიტიკას მოვაცლით, ხელში კულტურა შეგვრჩება. იგი ნაწილობრივ ისაა, რაც ერი ყოფილა, ნაწილობრივ ისაა, რაც ერი ახლა არის, და აგრეთვე ისიც, თუ რა იქნება ერი მომავალში. 

2. მედია კრეატიული ინდუსტრიების განვითარებაში უაღრესად მნიშვნელოვან როლს თამაშობს. გაერთიანებულ სამეფოში მხოლოდ 1990 წელს ჩატარდა კვლევა, რომელმაც მოიპოვა ძლიერი მტკიცებულება, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობის მქონეა კრეატიული ინდუსტრიები. მაგრამ, რამდენიმე წლის განმავლობაში, მთავრობას ამის ბოლომდე არ სჯეროდა. საბოლოოდ, ფინანსთა მინისტრი დაარწმუნეს, რომ კულტურის სექტორი ისევე დიდი იყო, როგორც წარმოების სექტორი, და მან ბოლოს და ბოლოს დაიწყო ამაზე ლაპარაკი. მედიამ მიბაძა მის მაგალითს და ადგილი გამოუყო კრეატიულ სექტორს, რამაც დაუჯერებლად პოპულარული გახადა ამ სფეროში მომუშავე ადამიანები. რომ შევაჯამოთ, რაკი კრეატიული ინდუსტრიები შეიქმნა, ამას ხელისუფლების და მედიას მხრიდან აღიარებაც მოჰყვა და ამან არავითარი ხარჯები არ მოითხოვა. 

3. კრეატიული ინდუსტრიების გაშუქება მედია-გამომცემლებს დიდებულ მასალას აწვდის. მედია-გამომცემლები მუდამ დაეძებენ კარგ მასალას და სულ ადამიანურად საინტერესო ამბების სიმცირეზე ჩივიან. კრეატიულ ინდუსტრიებში მომუშავე ხალხი ადამიანურად საინტერესო ამბების ნამდვილი წყარო არის და მათზე წერა შეიძლება საოცრად მიმზიდველი იყოს – მათი ამბები უაღრესად პოზიტიური, უაღრესად დადებითი, ძალიან ინდივიდუალისტურია; ეს ამბები ხშირად გვიამბობენ წარმატებაზე, მაგრამ არა მხოლოდ და უბრალოდ წარმატებაზე. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი მკითხველის ინტერესს აღძრავენ.

4. იმის გარდა, რომ კრეატიული ინდუსტრია ეკონომიკურად დიდი მნიშვნელობის მქონეა, იგი შეიძლება ერის რბილი ძალის მატარებელიც იყოს. განმარტების მიხედვით, კრეატიული ინდუსტრია შედგება ინდივიდუალური შემოქმედების აქტებისგან, რომელთა შედეგადაც ინტელექტუალური საკუთრება იქმნება. მარტივად რომ ვთქვათ: გამოიგონე, საკუთრებად გაიხადე, აიღე ამაში ანაზღაურება. გაერთიანებულ სამეფოსა და მთლიანად ევროპაში კრეატიული ეკონომიკა იყო ის სექტორი, რომელსაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი დასაქმების პოტენციალი ჰქონდა. იგი 13 ინდუსტრიისგან შედგება: რეკლამირება, არქიტექტურა, ხელოვნების ნიმუშებისა და ანტიკვარიატის ბაზარი, ხელობები, დიზაინი,  დიზაინერული მოდა, კინო, ვიდეოთამაშები, მუსიკა, თეატრალური ხელოვნება, გამომცემლობა, კომპიუტერული პროგრამები, ტელევიზია და რადიო. გაერთიანებულ სამეფოში ესენი ქმნიან მთელი სამუშაოს 8%-ს და გაერთიანებული სამეფოს ექსპორტის 9%-ს. მართალია, მთავრობას შეუძლია კრეატიული ეკონომიკისთვის დამატებითი სტიმულის მიცემა, ვთქვათ, გადასახადების ფორმით, მაგრამ არ შეუძლია, შექმნას ან უხელმძღვანელოს კრეატიული ეკონომიკის ზრდას: ამის გაკეთება მხოლოდ ინდივიდების ხელთაა, „სტარტ-აპების“ მეშვეობით. იმდენად, რამდენადაც კრეატიული ინდუსტრიები არის ინდივიდუალისტური, პლურალისტული და ჰუმანისტური, მას აგრეთვე შეუძლია, ერის რბილი ძალის შემადგენელი ნაწილი გახდეს.

5. სოციალური მედია მუშაობს ცვლილების კატალიზატორად, მაგრამ არ შეუძლია, მოიხელთოს და მართოს ის, რაც ამას მოჰყვება. სოციალური მედია ძალიან გამოსადეგი იყო ისეთი ატმოსფეროს შექმნაში, რომელშიც ცვლილებები მოხდებოდა, და უძლური აღმოჩნდა, როცა საქმე მიდგა იმის შენებაზე, რაც ცვლილებას მოსდევს. არაბული გაზაფხულის განმავლობაში სოციალურმა მედიამ უზარმაზარი როლი ითამაშა დიქტატორების დამხობაში, მაგრამ მოქალაქე ჟურნალისტის ძალა არასაკმარისი გამოდგა ამას მოყოლილი მძიმე გარდამავალი პერიოდის სამართავად, როცა ერების უმრავლესობა ადრინდელზე ბევრად უარეს პირობებში ჩავარდა. მეორე მხრივ, ტრადიციულ მედიაჟურნალისტებს აქვთ უნარი, მიიღონ ინფორმაციის დიდი რაოდენობა, მოახდინონ მათი სინთეზი საკუთარი ცოდნის მეშვეობით და ბალანსირებული რეპორტაჟი შექმნან.

6. ხელოვნების საჯარო ფინანსირება წარმატებული კომერციული ინსტიტუციის წინაპირობაა. კულტურის საჯარო დაფინანსებასა და კომერციული კულტურული წამოწყების შესაძლო წარმატებას შორის პირდაპირი კავშირია. ლონდონის ვესტენდი მთელ მსოფლიოში ცნობილია მისი თეატრებით, რომლებიც უამრავ ფულს გამოიმუშავებენ. და მაინც, მსახიობების და რეჟისორების უმეტესობას ბრიტანეთის საჯარო სკოლები აქვს დამთავრებულილ და პირველი სამუშაოც და გამოცდილებაც საჯარო დაფინანსების მქონე ინსტიტუციებში მიიღეს. ამგვარად, ძლიერი კავშირია სკოლებსა და კოლეჯებში მიღებულ ხელოვნების გაკვეთილებსა და ამ სკოლაგავლილი ხალხის სამუშაოზე ამყვანი კომერციული ინსტიტუციების წარმატებას შორის.

7. მაშინ, როცა მთავრობების უმრავლესობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს STEM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინირება, მათემატიკა) უნარ-ჩვევებს, დაწყებით კლასებში ხელოვნების სწავლება მოსწავლეს შესაძლოა დაეხმაროს, ახალი თვალით შეხედოს საგნებს, განივითაროს შემოქმედებითი უნარები და დაიწყოს დამოუკიდებელი აზროვნება.

8. ხელოვნების დაფინანსების ბრიტანული სისტემა უაღრესად დემოკრატიული და გაფანტულია. თუ ხელოვნების დაფინანსების ამერიკულ მოდელში ფული თითქმის გამონაკლისის გარეშე კერძო/კორპორატიული წყაროებიდან მოდის, ხოლო ევროპულ მოდელში (გერმანია, საფრანგეთი) ფულის უდიდესი წილი საჯაროა, რაკი იქაურ საზოგადოებას პოლიტიკური და სოციალური პასუხისმგებლობის ძლიერი გრძნობა აქვს, მათგან განსხვავებით, დიდი ბრიტანეთი რამდენიმე არჩევანის კომბინაციას იყენებს. იგი დამოკიდებულია: ა) საჯარო დაფინანსებაზე; ბ) სალაროს შემოსავალზე; გ) კერძო/კორპორატიულ შემოწირულობებზე; და დ) ორგანიზაციის საკუთრებაში მყოფი სივრცის ალტერნატიულ გამოყენებაზე. საბოლოო ჯამში ეს რამდენიმე არჩევანი  ბრიტანეთის კულტურულ ორგანიზაციებს უფრო მეტ მოქნილობას სძენს და მათ უჩნდებათ შესაძლებლობა, ბევრად უფრო იოლად მოერგონ შეცვლილ პოლიტიკურ და/ან ეკონომიკურ ვითარებებს. ბოლო ოცი წლის განმავლობაში კულტურული ორგანიზაციების მიერ მათი საქმიანობის დაფინანსების გზები და ხერხები მკვეთრად შეიცვალა, გამსაკუთრებით ეხება ეს კერძო/კორპორატიული შემოწირულობების უზარმაზარ ზრდას, აგრეთვე – ორგანიზაციის კუთვნილი სივრცის ალტერნატიულ გამოყენებას (კაფეს მოწყობა, სხვა ორგანიზაციებისთვის მიქირავება, ა.შ.). ცვლილება ბუნებრივად მოხდა, და არა მთავრობის რაღაც განსაკუთრებული პოლიტიკის შედეგად.

9. „დისტანციის დაცვა“ და განახლების პოლიტიკა – ეს ბრიტანული მოდელის წარმატების ორი საყრდენი ბოძია. დისტანციის დაცვის პოლიტიკა ინარჩუნებს დისტანციას დაფინანსების გამცემ ხელისუფლებას და ამ დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციას შორის. მართალია, ხელისუფლებას შეუძლია, ორგანიზაციის მმართველი პიროვნებ(ებ)ის დანიშვნა, მაგრამ ის, როგორც წესი, ამაში არ ერევა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის იძლევა ფულს, მაგრამ არ ახორციელებს კონტროლს. ბრიტანულ კულტურულ ორგანიზაციებს აქვთ დამოუკიდებელი მუშაობის შესაძლებლობა, ემორჩილებიან საკუთარ მმართველობას და შინაგანაწესს. როცა საბერძნეთის მთავრობამ მოსთხოვა ბრიტანეთის მთავრობას, ბრიტანეთის მუზეუმს დაებრუნებინა ძველი ქანდაკებების კოლექცია, მთავრობამ სრულიად სამართლიანად უპასუხა, რომ მუზეუმი დამოუკიდებელი ორგანიზაცია იყო და ხელისუფლება მას ვერ უკარნახებდა, რა უნდა გაეკეთებინა. ხელოვნების საბჭო, კულტურული ორგანაზაციების მთავარი დამფინანსებელი ბრიტანეთში, ყოველ 3 წელიწადში ერთხელ იღებს გადაწყვეტილებებს დაფინანსებაზე. წელს მან გაუუქმა დაფინანსება 200 ხელოვნების ორგანიზაციას, რომლებმაც არ შექმნეს ის, რაც ჰქონდათ განცხადებული, და მათ ნაცვლად 200 ახალი ობიექტი დააფინანსა. განახლება ბრიტანული კულტურული ორგანიზაციების ფუნქციონირების ერთობ ჯანსაღი ნაწილია.

წყარო