სიახლეები - ქართული სტარტ-აპები ბარსელონაში

ქართული სტარტ-აპები ბარსელონაში

07.03.2017
ორმა ქართულმა სტარტაპმა, RehabGlove და TreePex, ბარსელონაში Mobile World Congress-ზე, 2500 ზე მეტ მონაწილეს შორის, ადგილი ტოპ 10-ეულში დაიკავა. აქედან ერთ-ერთი კი ტოპ 5-ეულში მოხვდა.

💡 Mobile World Congress - მსოფლიო მასშტაბის უდიდესი ღონისძიებაა მობილურ ინდუსტრიაში, რომელიც 27 თებერვლიდან 2 მარტამდე, ბარსელონაში GSMA -ის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიების მთავარი ამოცანა იყო, საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მობილური ინდუსტრია, ნებისმიერი ინოვაციური სფეროს განვითარებისთვის. 

ღონისძიებას დაესწრო 108,000 სტუმარი, 208 ქვეყნიდან. მათ შორის იყო საერთაშორისო პრესის 3500 წარმომადგენელი. გამოფენაში 2,500 ზე მეტმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, რომლებსაც წარმოდგენილი ჰქონდათ ვირტუალური რეალობა, სმარტფონის ახალი მოდელები, ინოვაციური აპლიკაციის იდეები, 3D ბეჭდვა და კონფიდენციალურობის დაცვის მოწყობილობები.

RehabGlove, არის ინოვაციების სააგენტოს პრე-აქსელერატორის პროგრამის გამარჯვებული, რომელმაც სააგენტოსგან 5,000 ლარის ოდენობის გრანტი მიიღო პროტოტიპირებისთვის. 
➡ RehabGlove არის ელექტრონული ხელთათმანი, რომელიც, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, მომხმარებლებს ეხმარება ინსულტის და სხვა ტრავმების შედეგად დაზიანებული კიდურების რეაბილიტაციაში.

TreePex, რომელმაც გამოფენაზე მე-4 ადგილი დაიკავა, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ბენეფიციარია, ის სააგენტოს არაერთ პროექტში მონაწილეობდა და მიღებული აქვს, 5,000 ლარის ოდენობის გრანტი, აშშ-ს ერთ-ერთ აქსელერატორში მონაწილეობის მიღებისთვის.
➡ TreePex - კომპანიებისა და მათი მომხმარებლების საქმიან ურთიერთობას ეკომეგობრულს ხდის. ის სპეციალური მობილური აპლიკაციის მეშვეობით, ერთის მხრივ მომხმარებლებს და მეორეს მხრივ კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, გახდნენ ეკომეგობრულები და ჩაერთონ მწვანე გარემოს შექმნის პროცესში.

ინფორმაციის წყარო - https://www.facebook.com/GITA.gov.ge/