სიახლეები - ქართველი ხელოვანები ტურინის რეზიდენციაში

ქართველი ხელოვანები ტურინის რეზიდენციაში

25.10.2018
საქართველოსა და იტალიას შორის მეგობრული კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს შორის გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
 
საქართველოს მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, ხოლო იტალიის მხრიდან, იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა ენცო მოავერო მილანეზიმ.
 
მემორანდუმის ფარგლებში, შემოქმედებითმა საქართველომ, იტალიურ ფონდ IGAV-თან თანამშრომლობით, გამოაცხადა კონკურსი - „რეზიდენცია ახალგაზრდა ქართველი ხელოვანებისათვის“.
 
კონკურსის ფარგლებში, შემოქმედებითმა საქართველომ 23 აპლიკაცია მიიღო, რომლიდანაც 20-მა აპლიკანტმა დააკმაყოფილა ტექნიკური მოთხოვნები და გადავიდა მეორე ეტაპზე. კონკურსის ფარგლებში კომისიამ გამოავლინა 2 ახალგაზრდა თანამედროვე ხელოვანი: მანანა კობახიძე და შოთა აფციაური, რომლებიც გაემგზავრებიან იტალიაში, ქალაქ ტურინში ერთთვიან რეზიდენციაში, 1-ლი ნოემბრიდან 30 ნოებრის ჩათვლით.
 
კომისიის წევრები იყვნენ თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების და მის მენეჯმენტში მომუშავე პროფესიონალები: ანა რიაბოშენკო (შემოქმედებითი საქართველოს დირექტორი), ნინო ჭოღოშვილი (თსსა-ს რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის დეკანი), ხათუნა კიკვაძე (ხელოვნების ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი), ნიკოლოზ ნადირაშვილი (ვიზუალური ხელოვნების მკვლევარი), როსაბელა გარუცო (ფონდი IGAV ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი).
 
ერთთვიანი რეზიდენციის მიზანია ვიზუალური ხელოვნების დარგში მომუშავე ქართველი და იტალიელი ხელოვანების შემოქმედების ორმხრივი წარმოჩენა და ორივე ქვეყნის თანამედროვე ხელოვანებს შორის იდეების გაცვლის ხელშეწყობა.
 
ქართველი ხელოვანების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა სახელოვნებო გამოფენაზე Artissima, რომელიც სპეციალურად რეზიდენციის ფარგლებში შექმნილი პროექტებისთვის იქნება განკუთვნილი.
 
გაცვლითი პროგრამა ქართველი და იტალიელი ხელოვანთათვის, საქართველოში იტალიის საელჩოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 2019 წელს, საქართველოს იტალიელი ხელოვანები ესტუმრებიან.