სიახლეები - საერთაშორისო სახელოვნებო რეზიდენციები

საერთაშორისო სახელოვნებო რეზიდენციები

21.12.2018

2018 წლის საერთაშორისო სახელოვნებო რეზიდენციისთვის, რომელსაც კურატორობდა რებეკა დე მარჩი რობერტა არელისთან ერთად, ღია კონკურსის ფარგლებში ოთხ ხელოვანს, მათ შორის, სსიპ შემოქმედებითი საქართველოს კონკურსში გამარჯვებულ ორ ქართველს: მანანიკო კობახიძეს (თბილისი, საქართველო), შოთა აფციაურს (თბილისი, საქართველო), მატია ერკოლეს (ბუენოს აირეს, არგენტინა) და სადაფ ჰეასმიანს (თეირანი, ირანი), კურატორ რენეტა ზასთან (ბუენოს აირეს, არგენტინა) ერთად საშუალება მიეცათ სარეზედენციო პერიოდი გაეტარებინათ ტურინში, ნოემბრის თვეში, რომელიც ტრადიციულად ეძღვნება თანამედროვე ხელოვნებას. 


რეზიდენციაში ყოფნის პერიოდში ქართველი ხელოვანები გაეცნენ ტურინს, დაინტერესდნენ ქალაქის სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური მდგომარეობით, მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ განსხვავებულ კულტურასა და ამ კულტურის ასახვას კონკურსის სხვა მონაწილეთა ნამუშევრებში.

მანანა კობახიძე რეზიდენციაში გატარებულ დღეებს იხსენებს, როგორც გამოცდილებას: „ტურინის რეზიდენციაში ფოკუსირება მოვახდინე და ამავდროს გავაგრძელე თემა, რომელიც მაინტერესებს, კერძოდ სოციალური სტრუქტურები და პრობლემები, რომლებიც წარმოიქმნება ამ სტრუქტურებში. ტურინი საკმაოდ მრავალწახნაგოვანი ქალაქია, აქ ვხვდებით მიგრანტების პრობლემებს, იმავე სოციალურ პრობლემებს რაც საქართველოშია (ოჯახური ძალადობა, პატრიარქარული სტრუქტურები / წყობა, არათანაბარი შრომის ანაზღაურება და ა.შ), ამავდროს ქალაქი გაჯერებულია მისტიური ისტორიებით, ლეგენდებით და მოგონებებით.“

შოთა აფციაურის სამუშაო პრაქტიკა კი რეზიდენციაში ყოფნის პერიოდში რამდენიმე მიმართულებით წარიმართა: „თეორიული კვლევის პროცესი,  კურატორების დახმარებით რამოდენიმე მიმართულებით გავშალე, იყო სამი ძირითადი თემა, რომელმაც დამაინტერესა, მიგრანტების როლი და გამოწვევები თანამედროვე იტალიის ცხოვრებაში, ტურინის წინააღმდეგობრივი მოძრაობა და მათი ისტორია, ქალაქის ურბანული ალტერნატიული კულტურა.“

მას შემდეგ, რაც ხელოვანები გაეცნენ ტურინის კულტურას, მათთვის სასურველ თემებს, შეხვდნენ ადამიანებს, რომლებსაც შეეძლოთ უკეთ დაენახებინათ ქალაქში არსებული გამოწვევები, პრობლემები და დახმარებოდნენ, შეეგრძნოთ ტურინის რიტმი, შეძლეს ნამუშევრების შექმნა, რომლებშიც მათ მიერ პირველ ეტაპზე დაგროვებულმა ცოდნამ, ხედვამ და ფიქრებმა მოიყარა თავი. 

მანანა კობახიძემ რეზიდენციაში ყოფნის პერიოდში შექმნა 8 ილუსტრაცია, 1 არტ-ბუქი და 1 ვიდეო. როგორც თავად აღნიშნავს, შექმნა დღიური „იმ შთაბეჭდილებებისა და განცდების, რომელიც არსებობს სტრუქტურაში, სტრუქტურის ზეგავლენით. ესაა მოგონებები ადამიანებზე და ადგილებზე… გვაქვს პრობლემა და მას ვაანალიზებთ, გვაქვს მოცემულობა და მას ვეცნობით, მაქვს ჩემი შეხედულება და განცდა, რომელსაც პრობლემის დახმარებით ვაანალიზებ. ვცდილობთ გავექცეთ მორალურ ნიჰილიზმს ან შევქმნათ ალტერნატიული რეალობა.“

რაც შეეხება, შოთა აფციაურს, მან წარმოადგინა ორი ფერწერული ნამუშევარი, რომლებიდანაც კურატორებთან ერთად ერთი აირჩა და საბოლოოდ,  საგამოფენო სივრცეში ინსტალაციის სახე მიიღო. 

ინსტალაციის სახელი იყო:

“WESSEL FOR PROJECTION?

AND I LOVED WATCHING MTV IN PARTICULAR”

ინსტალაციის ტექსტი კი შემდეგია:
„რაც მეტი დრო გადის უფრო მეტად ვემსგავსები კომპიუტერის პროცესორს. ვამუშავებ უამრავ ინფორმაციას. ვქმნი პროექციებს და ალგორითმებს. ვმოძრაობ უტოპიურის და დისტოპიურის, ნამდვილის და ყალბის, ავთენტურის და არაავთენტურის მიჯნაზე. ეს ნამუშევარი ცდილობს დოკუმენტირება გაუკეთოს ამ ინფორმაციის გადამუშავების პროცესებს.“

საერთაშორისო სახელოვნებო რეზიდენციის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა 28 ნოემბერს, 18:00 საათზე, Luoghi Comuni San Salvario-ს კომპლექსის საგამოფენო სივრცეში - L’OFFICINA con-Temporanea-ში.

საერთაშორისო სახელოვნებო რეზიდენციების კონკურსი გაიმართა შემოქმედებითი საქართველოსა და იტალიურ ფონდ გარუცოს ინსტიტუტის (IGAV) თანამშრომლობით.

იხილეთ მანანიკო კობახიძის ნამუშევარი

იხილეთ შოთა აფციაურის ნამუშევარი