სიახლეები - შემოქმედებითი ინდუსტრიების მე-8 სამიტი - ECYS2018

შემოქმედებითი ინდუსტრიების მე-8 სამიტი - ECYS2018

08.10.2018

5 ოქტომბერს, ევროპის შემოქმედებითი ბიზნესების ქსელის (ECBN) ორგანიზებით, ევროპის შემოქმედებითი ეკონომიკის ცენტრისა (ecce) და „ავსტრიის შემოქმედებითი  ინდუსტრიების“ (Kreativwirtschaft Austria) მხარდაჭერით, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა შემოქმედებითი ინდუსტრიების მე-8 სამიტი, რომლის ძირითადი თემაც გახლდათ ინოვაციები - როგორც საერთო ევროპული ციფრული ბაზრის ზრდის გენერატორი.

 

ღონისძიებაზე მოხსენებებით გამოვიდნენ ავსტრიის ციფრულ და ეკონომიკურ საკითხთა ფედერალური მინისტრი - მარგარეტ შრემბროკი, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში ევროკომისარი - ტიბორ ნავრასიჩი, კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე და ევროპარლამენტის წევრი - კრისტიან ელერი, ასევე, შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის წარმომადგენლები აკადემიური სფეროდან თუ ბიზნესებიდან. სამიტის მიმდინარეობისას, მოხსენებების, დებატებისა და სემინარების ფარგლებში, მსჯელობა შეეხო შემოქმედებითი ინდუსტრიების, როგორც ეკონომიკის ცალკე მდგომი სექტორის პოტენციალს მდგრად განვითარებაში და სხვა სექტორებთან თანამშრომლობისას შექმნილ ეკონომიკურ და სოციალურ სიკეთეებს. გარდა ამისა, დამსწრე საზოგადოებასთან ერთად გამართული მსჯელობის ფარგლებში, შეგროვდა ინფორმაცია სექტორში არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის სავარაუდო პერსპექტივების შესახებ.

 

ღონისძიებას, შემოქმედებითი საქართველოს წარმომადგენელი, ელენე თოიძე ესწრებოდა. სამიტის დასრულების შემდგომ, მან შეხვედრები გამართა სამიტის ორგანიზატორებთან, ასევე, შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში მოღვაწე სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. შეხვედრების თემა, ძირითადად, შეეხებოდა საქართველოში, სფეროში კვლევითი საქმიანობისა და სტატისტიკური ბაზის დახვეწის, შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და თანამედროვე ხელოვნების კლასტერის განვითარების საკითხებს.


სამიტი გაიმართა ავსტრიის ევროკავშირის პრეზიდენტობის ფორმატისა და დღის წესრიგის ფარგლებში.

დამატებითი ინფორმაცია