პუბლიკაციები - ლექციები - ლექცია 3 კულტურა, კონფლიქტები და დიალოგი & ლექცია 4 კრეატიული ეკონომიკა

ლექცია 3 კულტურა, კონფლიქტები და დიალოგი & ლექცია 4 კრეატიული ეკონომიკა

ლექცია 3 კულტურა, კონფლიქტები და დიალოგი & ლექცია 4 კრეატიული ეკონომიკა
ლექცია 3 კულტურა, კონფლიქტები და დიალოგი

კონფლიქტის მოგვარების მთავარ პირობებს წარმოადგენს მოთმინება, ტოლერანტობა, განსხვავებების აღიარება და გათავისება. სხვა კულტურების თავისებურებების შესწავლა გვეხმარება გავიგოთ მათი წარმომადგენლების მოტივაციები, მათი ზოგადი და დამახასიათებელი თვისებები, ისევე როგორც დიალოგის დაწყების გზა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მაჰათმა განდის სიტყვებს: „ ვერც ერთი კულტურა ვერ იარსებებს, თუ ეცდება იყოს განსაკუთრებული“.

კონფლიქტების და დაძაბულობის პერიოდში, როგორც წესი,  ხელოვნება თამაშობს მეორეხარისხოვან როლს, ვინაიდან ადამიანები ფოკუსირებული არიან ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე (საკვები, საცხოვრებელი, მედიკამენტები და დაცვა). მიუხედავად ამისა, შემოქმედება ადამიანის დამახასიათებელი თვისებაა როგორც მშვიდობის დროს, ისე კონფლიქტურ სიტუაციაში. მაგალითად, პაბლო პიკასოს ცნობილი ნახატი „გერნიკა“ შეიქმნა გერნიკის დაბომბვის, ესპანეთის 1931-1939 წლების რევოლუციის საშინელებების და ესპანეთის სამოქალაქო ომის საპასუხოდ.


ფართომასშტაბიანი კონფლიქტებისა და კატასტროფების შემდგომ, კულტურული მემკვიდრეობა ხდება საზოგადოების აღდგენის მძლავრი სიმბოლო და ინსტრუმენტი. მაგალითად, ვარშავის ძველი ქალაქის და ხიდის რეკონსტრუქცია და მისი შეტანა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტების სიაში იყო შერიგებისა და მეორე მსოფლიო ომის ჭრილობების მოშუშების მნიშვნელოვანი სიმბოლური აქტი. 

ამავე მიზნით 1947 წელს სათავე დაედო ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალს. ყოველწლიურად ფესტივალს სტუმრობდა დაახლოებით 400 000 ადამიანი. გარდა ამისა, ის გახდა რამდენიმე სხვა ღონისძიების კატალიზატორი (ედინბურგის ფესტივალის ფარგლებში ხელოვნების ფესტივალი, ედინბურგის საერთაშორისო კინოფესტივალი, ედინბურგის საერთაშორისო წიგნის ფესტივალი), რამაც განაპირობა შოტლანდიაში ყოველწლიური  წარმოების ზრდა 261 მილიონი ფუნტით და შემოსავლების ზრდა 82 მილიონი ფუნტით, გარდა ამისა, შეიქმნა დაახლოებით 5 000 სამუშაო ადგილი. ამგვარად, კულტურა ხელს უწყობს საერთაშორისო დიალოგს და წარმოადგენს  კრეატიული ეკონომიკის შემადგენელ ნაწილს.

მუსიკამაც არაერთგზის შეუწყო ხელი კონფლიქტების მოგვარებას და კულტურული განსხვავებების აღიარებას. ცივი ომის პერიოდში ადგილი ჰქონდა აშშ-ს და საბჭოთა კავშირის ორკესტრების ორმხრივ ვიზიტებს; 1999 წელს დანიელ ბარენბოიმმა და ედუარდ საიდმა შექმნეს ორკესტრი “West-Eastern Divan” (დასავლეთ-აღმოსავლეთის), რომელმაც გააერთიანა არაბი და ებრაელი მუსიკოსები; 2008 წელს ნიუ -იორკის ფილარმონიამ კონცერტი გამართა ჩრდილოეთ კორეაში. 

ლექცია 4 კრეატიული ეკონომიკა

ბოლო ათწლედის განმავლობაში, კრეატიული წარმოებისა და მომსახურების სექტორების ბრუნვა ორჯერ გაიზარდა და შეადგინა 624 მილიარდი დოლარი. ეკონომიკურ სარგებელთან ერთად კრეატიული ეკონომიკა ქმნის არამატერიალურ ღირებულებებს და უზრუნველყოფს ადამიანზე ორიენტირებულ მდგრად განვითარებას.

ლოს ანჟელესის კრეატიული სული გამოიხატება ფართო სპექტრით - ბოილ ჰეითსის (Boyle Heights - ლოს ანჟელესის უბანი) მხატვრული სივრცით დაწყებული და  NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიით დამთავრებული. ერთად ისინი წარმოადგენენ რეგიონის მთავარ ეკონომიკურ აქტივებს, რომლებიც განსაზღვრავს მის სამომავლო განვითარებას. 

ცნება „კრეატიული ეკონომიკა“ განიმარტება როგორც ცალკეული პირებისა და ბიზნესის ერთობლიობა, რომელიც აწარმოებს კულტურულ, მხატვრულ და ინოვაციურ პროდუქციას და მომსახურებას. მოცემული სისტემა აგრეთვე მოიცავს სივრცეს, სადაც შემოქმედნი თავისუფლად წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევარს, ურთიერთობენ მომხმარებელთან და უზიარებენ ერთმანეთს იდეებს.   

კრეატიული ეკონომიკის მთავარი თვისებაა ადამიანების მიერ შემოქმედებითი ფანტაზიის გამოყენება იდეის ღირებულების გაზრდის მიზნით. ჯონ ჰოუკინსმა წამოწია კრეატიული ეკონომიკის კონცეფცია 2001 წელს, რათა წარმოედგინა ეკონომიკური სისტემები, რომლებშიც ღირებულება დამოკიდებულია ორიგინალობაზე და კრეატიულობაზე, და არა ისეთ ტრადიციულ რესურსებზე, როგორიცაა მიწა, შრომა და კაპიტალი. კრეატიული ინდუსტრიებისაგან განსხვავებით, რომლებიც შემოიფარგლება კონკრეტული სექტორებით, ტერმინი „კრეატიული ეკონომიკა“ წარმოადგენს მთელი ეკონომიკის კრეატიულობას.  

სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღევანდელ დღეს წარმატებას, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პირადი კმაყოფილების გრძნობას განაპირობებს ახალი იდეები და არა ფული ან ტექნოლოგიები. კრეატიული ეკონომიკა ახალ სიცოცხლეს აძლევს წარმოების, მომსახურების, კომერციისა და გართობის სფეროებს. ის ცვლის გარემოს, რომელშიც ადამიანებს სურთ ცხოვრება, მუშაობა და სწავლა, და სადაც ისინი აზროვნებენ, იგონებენ და ქმნიან.

კრეატიული ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკის სწრაფად განვითარებადი სექტორია. მას ახასიათებს დინამიურობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა შემოსავლების წარმოება, სამუშაო ადგილების შექმნა და ექსპორტის განვითარება, ვინაიდან ის ნაკლებად არის დამოკიდებული მატერიალურ რესურსებზე. ეკონომისტი და თეორეტიკოსი პიერ ლუიჯი საკო ასევე აღნიშნავს, რომ კრეატიული ეკონომიკა საუკეთესოდ  ასახავს ადგილობრივ თავისებურებებს და ინარჩუნებს იდენტობას გლობალიზაციის ეპოქაში.  ის ასახელებს Ile-de-Franceპარიზში, ცენტრალურ ლონდონსა და მილანს, როგორც ადგილებს, სადაც ყველაზე აქტიურად ვითარდება კრეატიული ეკონომიკა. 

იხილეთ ლექციები - https://www.culturepartnership.eu/ge/publishing/course