კვლევა: "ციფრული ტრანსფორმაცია საქართველოს შემოქმედებით სექტორში: ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები"
დღევანდელ ეპოქაში, სადაც ციფრული გარემო ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, მნიშვნელოვანია შემოქმედებითი ინდუსტრიების პროფესიონალები და კულტურული ორგანიზაციები, ციფრულ სამყაროში, სრულფასოვნად წარმოდგენილნი იყვნენ, შეძლონ გაციფრულების პროცესში სწორი პოზიციონირება და წარმატების მიღწევა. სწორედ ამ მიზნით, 2024 წელს, პროექტი “ციფრული ტრანსფორმაცია” განახორციელა შემოქმედებითმა საქართველომ, UNESCO-ს ფინანსური მხარდაჭერით.
ინიციატივა მიზნად ისახავდა კულტურული ორგანიზაციების გაციფრულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და შესაბამისი უნარების გამომუშავებას, და მოიცავდა რამდენიმე ეტაპს: კვლევას, გზამკვლევის შემუშავებას, შესაძლებლობების გაძლიერების ტრენინგების ჩატარებას, ბენეფიციარი ორგანიზაციებისთვის ციფრული პროდუქტის/სერვისის (ვებგვერდი) შექმნასა და პოპულარიზაციას.
კვლევითი დოკუმენტი „ციფრული ტრანსფორმაცია საქართველოს შემოქმედებით სექტორში: ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები”-ს ავტორები არიან: საერთაშორისო მკვლევარი თეკლა ბალოგ ბოდორი (უნგრეთი) და ადგილობრივი მკვლევარი: ქეთევან ეფაძე (საქართველო).
დოკუმენტი შემოქმედებითი ორგანიზაციებისა და პროფესიონალების ციფრული ტრანსფორმაციის წახალისების მიზნით შეიქმნა. მასში გამოკვლეულია შემოქმედებითი ინსტიტუტების ციფრული იდენტობა – ციფრულ ტრანსფორმაციასთან ადაპტირების პროცესი, ამ პროცესის მხარდამჭერი ფაქტორები და გამოწვევები, რომლებიც აფერხებენ მათ ინტეგრაციას ციფრულ სამყაროში. კვლევაში გამოიყენებოდა როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი მეთოდოლოგია. მოიცავს 64 მუნიციპალიტეტს, კულტურულ ორგანიზაციებს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში და შემოქმედებითი ინდუსტრიების პროფესიონალებს.
საკვლევი კითხვები შეეხებოდა:
- რა როლს თამაშობს ციფრული ტრანსფორმაცია კულტურის სფეროს ხელმისაწვდომობის დემოკრატიზაციაში და როგორ უწყობს ხელს ინკლუზიურობასა და მრავალფეროვნებას შემოქმედებით ორგანიზაციებში?
- რა ეკონომიკური და ოპერატიული სარგებელი მოაქვს შემოქმედებით სექტორში ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგიების დანერგვას?
- რა ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები არსებობს საქართველოს შემოქმედებით ინდუსტრიებში ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე?
- როგორ აისახება ონლაინ სივრცეში კულტურული ორგანიზაციების გამოჩენა მათ აქტივობებში ჩართულობასა და ხელმისაწვდომობაზე?
- როგორია ციფრული ტრანსფორმაციის საერთაშორისო ტენდენციები და რისი გაზიარება შეუძლია საქართველოს შემოქმედებით ინდუსტრიებს საერთაშორისო გამოცდილებიდან?
კვლევის დოკუმენტის ბოლოში, მკვლევრებმა წარმოადგინეს სამი კატეგორიის რეკომენდაციები, რათა გაციფრულების პროცესი უფრო აქტუალური გახდეს საქართველოში და ჰქონდეს მხარდაჭერა ყველა დონეზე: რეკომენდაციები შემოქმედებითი ორგანიზაციებისთვის, რეკომენდაციები სახელმწიფო და კერძო სექტორის ორგანიზაციებისთვის და რეკომენდაციები სახელმწიფოსთვის. დოკუმენტში, ასევე, შეტანილია აღმოსავლეთ ევროპის სტრატეგიები და მაგალითები, რაც შესაძლებელია ქართულ რეალობაში მარტივად ადაპტირდეს. სხვა კულტურულ ორგანიზაციებთან ერთად, ფოკუსი გაკეთდა კულტურული მემკვიდრეობის, სამუზეუმო სექტორზეც.
კვლევის დოკუმენტის ნახვა ქართულ ენაზე, შეგიძლიათ აქ.
კვლევის დოკუმენტის ნახვა ინგლისურ ენაზე, შეგიძლიათ აქ.