გამარჯვებულები გამოვლინდნენ კონკურსში: "ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა განათლების ხელშეწყობა"
საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“-ს ხელშეწყობით, წელს პირველად 26 ნიჭიერი ახალგაზრდა დაფინანსდა. მათ საშუალება მიეცემათ სწავლა დაიწყონ/გააგრძელონ ისეთ საერთაშორისო სასწავლებლებში, როგორებიცაა: ჯულიარდისა და ბერკლის სამუსიკო სასწავლებლები, მიუნხენის კონსერვატორია, ლონდონის მუსიკის სამეფო კოლეჯი, ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტი და სხვა.
კონკურსში გამარჯვებულები საქართველოსა და უცხოეთში აკადემიურ და საგანმანათლებლო პროგრამაზე არაუმეტეს ერთი აკადემიური წლის ვადით შეძლებენ სწავლას.
კონკურსში მონაწილეობის მიღების საშუალება ჰქონდათ 18-დან 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი კონკურსის გამარჯვებულებიდან რამდენიმე ნიჭიერი ახალგაზრდა წინა წლებშიც ამავე კონკურსის ლაურეატი იყო.
სულ შემოვიდა 38 განაცხადი. მათგან 26 ნიჭიერი ახალგაზრდის განათლების ხელშეწყობა დაფინანსდა: საქართველოს, აშშ-ს, ბრიტანეთის, გერმანიის, ავსტრიის, იტალიის, ესპანეთის, ფინეთის, ბელგიის, ესტონეთის, სახელოვნებო სასწავლებლებში.
საუკეთესოები შემდეგი კრიტერიუმით შეირჩნენ: საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე მოპოვებული უნდა ჰქონოდათ შესაბამისი სასწავლებლის თანადაფინანსება, არანაკლებ 25 %-ისა, ამასთან ერთად წარმოდგენილი იყო სარეკომენდაციო წერილები მოთხოვნილი სასწავლებლებიდან.
კომისიის წევრები იყვნენ: კულტურის სამინისტროს, სსიპ შემოქმედებითი საქართველოსა, და სახელოვნებო განათლების წარმომადგენლები: რუსუდან ჭუმბურიძე, სალომე ხურცილავა, თინათინ აპემი, ქეთევან ტრაპაიძე, მანანა ბერიკაშვილი, ლალი თარიმანიშვილი, გოგა ყაჯრიშვილი.
კონკურსი 2021 წლიდან ყოველწლიურად ცხადდება და მისი მიზანია უმაღლესი სახელოვნებო განათლების ხელმისაწვდომობა; თანამედროვე ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებთან ინტეგრირება; ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა მოტივაციის გაზრდა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
წელს კონკურსის ბიუჯეტი გაიზარდა და მისი მოცულობა შეადგენს - 500 000 ლარს. აღნიშნული სრული თანხით დაფინანსდნენ ნიჭიერი ახალგაზრდები.