კონკურსი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“ აცხადებს კონკურსს „ვიზუალური ხელოვნების სფეროში შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“.
კონკურსის მიზანია:
• ვიზუალური ხელოვნების ფართო სპექტრის (ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება, ფოტოგრაფია, მულტიმედია, სივრცული ინსტალაცია და თანამედროვე ხელოვნების სხვა მიმართულებების) პოპულარიზაცია;
• ადგილობრივი სახელოვნებო სცენის განვითარება თბილისსა და რეგიონებში გამოფენების და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების (ვორქშოფი, მასტერკლასი, ტრენინგი, სემინარი, კონფერენცია, ღონისძიების ფარგლებში ბეჭდური პროდუქციის შექმნა და სხვა ტიპის აქტივობები) ხელშეწყობა;
• ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა; კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. თითოეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარდგენა. კონკურსის საერთო ბიუჯეტია 60 000 ლარი. დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობასა და თითოეული პროექტის დაფინანსების ოდენობას განსაზღვრავს საკონკურსო კომისია. კონკურსში უპირატესობა შესაძლოა მიენიჭოს:
• ინოვაციურ პროექტს, რომლის კონცეფცია გამოირჩევა თანამედროვე ხედვითა და აქტუალურობით;
• რეგიონებში, ადგილობრივ ხელოვანთა ჩართულობით გამორჩეულ პროექტს;
• პროექტს, რომლის წარმომდგენ კონკურსანტსაც აქვს შესაბამისი მიმართულებით პროექტ(ებ)ის განხორციელების გამოცდილება;
• პროექტს, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორების ფინანსურ ან სხვა ტიპის თანამონაწილეობას; კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• განცხადება პროექტის დაფინანსების თაობაზე (დანართი №1);
• საპროექტო განაცხადი (დანართი №2.1 და №2.2) – განმცხადებელი ვალდებულია საპროექტო განაცხადი, კერძოდ, დანართი N2.2 წარმოადგინოს, როგორც კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმოწერილი ფორმით, ასევე, ელექტრონული სახით (Microsoft Excel-ის ფორმატში);
• განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები/სახაზინო კოდი;
• ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო მეწარმე ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში–ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან. თუ პირს საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი–აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• წარმომადგენლის მეშვეობით დოკუმენტაციის წარდგენისას, წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
• ინფორმაცია პარტნიორების ფინანსური ან სხვა ტიპის თანამონაწილეობის შესახებ და თანამონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მისი არსებობის შემთხვევაში).
• შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს/პირის წინასწარი თანხმობა/ნებართვა იმ შემთხვევაში, თუ პროექტის განხორციელება გულისხმობს რაიმე ტიპის ნებართვის აუცილებლობას; საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. უცხოენოვანი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში საჭიროა ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი.
საკონკურსო განაცხადების მიღება წარმოებს 2025 წლის 10 ივლისიდან 24 ივლისის 18:00 საათამდე, ელექტრონული ფოსტით: info@creativegeorgia.ge
განაცხადების წარმოდგენის წესი და ფორმა განსაზღვრულია საკონკურსო დებულებით შემდეგ ბმულზე:
კონსულტაციების მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის საშუალებით, ტელ: 599 25 21 88 (სამუშაო საათებში 09:00 – 18:00 სთ-მდე).